გარემოს დაბინძურება
დაბინძურება — დამაბინძურებელი ნივთიერებების მოხვედრა ფიზიკურ გარემოში, რაც იწვევს მის ხარისხობრივ ცვლილებას, ცვლის ფიზიკურ სისტემებს და ზიანს აყენებს ან დისკომფორტს უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი წყარო საყოფაცხოვრებო ნარჩენებია; თუმცა გაცილებით სერიოზულ ზიანს სამრეწველო საწარმოთა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე სატრანსპორტო საშუალებათა ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.
გარემოს დაბინძურების სახეობები
ჰაერის დაბინძურება
წყლის დაბინძურება
ნიადაგის დაბინძურება
ჰაერის დაბინძურება
ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.
წყლის დაბინძურება
მჟავური წვიმები ტბებსა და მდინარებს აბინძურებს, თუმცა წყლის დაბინძურების მიზეზი მხოლოდ ეს არაა. არსებობს ქალაქები, სადაც მდინარეში და ზღვაში დღესაც ჩადის ჩამდინარე ბინძური წყლები, ხოლო ქარხანა-ფაბრიკებიდან — მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, რის შედეგადაც თევზები და წყლის მცენარეები იხოცება. სოფლის მეურნეობაში ხშირად იყენებენ ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებს, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად შეიძლება მდინარეში ჩაირეცხოს. ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კოშკურებიდან ჩაღვრილი ნავთობი.
ნიადაგის დაბინძურება
ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს.
უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიოაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიოაქტიური ნარჩენები ათასობით ის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.
No comments:
Post a Comment